Select Page

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და საქართველოში მომსახურების მიმწოდებელ მცირე და საშუალო ოპერატორების წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია ამ სფეროში არსებულ სუბიექტთა სათანადო ცნობიერება მომსახურების მიწოდებასთან მიმართებაში არსებული უფლება-ვალდებულებების შესახებ. სწორედ ამიტომ, სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრულია ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული აქტივობები, რაც თავის თავში გულისხმობს საკომუნიკაციო მომსახურების მომხმარებლებთან ერთად, აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ ჩატარებულ სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის კამპანიებს.

მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს გააჩნიათ მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთა დაცვაც აუცილებელია მომსახურების მიწოდების პროცესში, მათ შორისაა მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველყოფა. სწორედ აღნიშნული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები წარმოადგენს კომუნიკაციების ომბუდსმენისა და „საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის “წევრ ოპერატორებს შორის შეხვედრის თემას.

პრეზენტაცია წარმოადგინა საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო ჯაფარიძემ.  შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მომდინარეობდა, გაიმართა საინტერესო დისკუსია, დაისვა აქტუალური შეკითხვები, რომლებიც  ოპერატორების მუშაობის სპეციფიკასა და სატელეკომუკიკაციო ბაზარზე წარმოქმნილ პრობლემებს უკავშირდებოდა.  შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს სოფიო ჯაფარიძემ და ელენე მიროტაძემ.  დასასრულს აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კვლავაც გააგრძელებს მსგავსი ხასიათის შეხვედრებს ცნობიერების ამაღლების მიზნით.