Select Page

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ შპს „მედია რაითს ჯორჯიასა“ და ქართულ სამაუწყებლო არხებს მიმართა რეკომენდაციით, რათა მხედველობაში მიიღონ მომხმარებელთა/მაყურებელთა კანონიერი ინტერესები მომსახურების თავისუფლად არჩევის უფლებასთან დაკავშირებით და სახელშეკრულებო ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში გაითვალისწინონ  ქართული ტელეარხების დაყოფის შესაძლებლობა იმგვარად, რომ მომხმარებლებისთვის/მაყურებლებისთვის უზრუნველყონ მათთვის საინტერესო კონკრეტული სამაუწყებლო არხების შეთავაზება და სატელევიზიო გადაცემების თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმდინარე                      წლის ნოემბრიდან ხშირად მიმართავდნენ მომხმარებლები და გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას საკაბელო ტელევიზიების მხრიდან სააბონენტო გადასახადის მოსალოდნელი გაზრდის თაობაზე, რაც ერთგვარად გამოიწვია შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მიერ საკაბელო ოპერატორებისათვის ქართული არხების სრული პაკეტით შეთავაზებამ. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს საკაბელო ოპერატორების გაერთიანების შპს ,,კტვ1“-ს მხრიდან ასევე ეცნობა სოციალურად დაუცველ და პენსიონერ მომხმარებელთა წრის მიერ გამოთქმული პრეტენზიები სააბონენტო გადასახადის გაზრდის გამო.

ზემოხსენებულ პრობლემური საკითხის მოგვარების მიზნით ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა როგორც შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, ასევე,  ქართულ სამაუწყებლო არხებს: “რუსთავი 2”, “იმედი”, “მაესტრო”, “ჯი-დი-ეს”-ი“, მარაო” და “კომედი არხი”.