21-ე საუკუნეში ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე.
კომუნიკაციების კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურად
მუშაობს, კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესებისთვის. ამის მაგალითია, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი გუდალეთი.
მიმდინარე წლის მაისში, სამსახურს განცხადებით მომართა სოფლის
მოსახლეობამ და პრობლემის მოგვარებაში დახმარება ითხოვა. კომუნიკაციების
ომბუდსმენის, გვანცა ჩხეიძის უშუალო ჩართულობით, სამსახურის რეკომენდაციის
საფუძველზე, კომპანია „სქაიტელმა“ გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველეყო სოფელში
ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და დღეს, სოფელ
გუდალეთში, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტით
სარგებლობა პრობლემას არ წარმოადგენს. დამცველის სამსახური კი, თავის მხრივ,
მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს ინტერნეტის ხარისხის კონტროლს.
მიმდინარე წლის 12 ივნისს, საზოგადოებრივი დამცველი გვანცა ჩხეიძე და
სამსახურის თანამშრომლები, შპს „სქაიტელის“ წარმომადგენელთან ერთად სოფელ
გუდალეთს ესტუმრნენ. ომბუდსმენმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია
სამსახურის საქმიანობის შესახებ. ასევე, განუმარტა მათ მომხმარებლისთვის
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, საჩივრების/განცხადებების განხილვის
წესები, ვადები და დარგში შემავალი სხვა საკითხები.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური,
კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ მზადყოფნაშია კომუნიკაციების სფეროში
მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.