Select Page

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი უერთდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის  საერთაშორისო დღეს, რომელსაც 1983 წლიდან მსოფლიო აღნიშნავს ყოველწლიურად, 15 მარტს!

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მათი კანონიერი ინტერესების წარმოდგენა მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან დავის შემთხვევაში, ასევე კომისიის ან/და სასამართლოს წინაშე.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რისთვისაც პერმანენტულად და კომპლექსურად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, რათა უზრუნველყოს მომხმარებელთა ინფორმირებულობა სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ.  შედეგად, ყოველწლიურად იზრდება დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, მოქალაქეებისგან წარმოდგენილი საჩივრებით მომართვიანობის მაჩვენებელი.

მომხმარებელთა ფართო წრის ინტერესების დაცვის მიზნით ტელეკომუნიკაციების ობუდსმენი ეტაპობრივად შეიმუშავებს და კომპანიებს წარუდგენს სათანადო რეკომენდაციებს. შედეგად კი სულ უფრო მზარდი ხდება კომპანიებისგან მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობა.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი საქართველოს მთელ მოსახლეობას ულოცავს   მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს და იმედს გამოთქვამს, რომ ტექნოლოგიურად მუდმივად განვითარებად დარგში ეტაპობრივად გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილი არაერთი აქტივობის ეფექტიანად განხორციელების შედეგად, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა.