2014 წლის 6 დეკემბერს სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლებების დამცველი – თამთა ტეფნაძე მიწვეული იყო სპიკერად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე: „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშნელოვანი თემები, როგორიცაა თვითცენზურა, „სიძულვილის ენა“ ინტერნეტში, დაუშვებელი პროდუქციის განთავსება ინტერნეტში და სხვ. თამთა ტეფნაძემ დისკუსიის მეორე პანელში მოხსენება გააკეთა ინტერნეტის სამომხმარებლო სექტორში დაგროვილ პრობლემატიკაზე. მან ყურადღება გაამახვილა მოქმედი კანონმდებლობით არსებულ ინტერნეტ რეგულაციებზე, მათ ნაკლოვან მხარეებზე და აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე. დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ მიმდინარე წელს განხილული საჩივრების სტატისტიკა და შინაარსი, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვისათვის დაგეგმილი ღონისძიებები.

საზოგადოებრივმა დამცველმა ამომწურავად უპასუხა დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებიდან დასმულ შეკითხვებს. ასევე, თანამშრომლობა შესთავაზა ინტერნეტთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ მხარეებს.

საზოგადოებრივი დამცველი მიიჩნევს, რომ ინტერნეტი თანამედროვე სამყაროში ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია გამოხატვის თავისუფლებასთან, განათლების უფლებასა და ინფორმაციის დროულად მიღების და გავრცელების უფლებასთან. რაც შეეხება „სიძულვილის ენას“ (Hate Speech) ინტერნეტში, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაში აღნიშნული ქმედება კრიმინალიზებულია, თამთა ტეფნაძის მოსაზრებით, საკანონმდებლო რეგულაციებთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა და ამ მიზნით სპეციალური პროგრამების განხორციელება. საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით, ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევაში დიდი როლი უჭირავს სამოქალაქო სექტორის აქტიურ ჩართულობას.