Select Page

მომდინარე წლის 2 თებერვალს, საზოგადოებრივი დამცველს შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ საჩივრით მიმართა კომპანიის აბონენტმა ლ. ი. -მ.  მომხმარებელი სადავოს ხდიდა მის სარგებლობაში არსებული სააბონენტო ნომრის ჩამორთმევის კანონიერებასა და მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის შესახებ წინასწარი ინფორმირების ვალდებულების დაუცველობას კომპანიის მხრიდან.

საზოგადოებრივი დამცველის რეაგირების საფუძველზე შპს „ჯეოსელმა“ მხედველობაში მიიღო მომხმარებლის კანონიერი ინტერესი და მისი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად აბონენტს დაუბრუნა მის სარგებლობაში არსებული და შემდგომში ჩამორთმეული სააბონენტო ნომერი.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის, თამთა ტეფნაძის რეაგირების შედეგად და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯეოსელს“2017 წლის1 თებერვლამდე დაევალა ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა.

კომისიის ამ გადაწყვეტილების აღსრულებით უზრუნველოყოფილ იქნება მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის ანდა შეწყვეტის შესახებ მომხმარებელთა წინასწარი ინფორმირების დროული და ეფექტური სისტემის დანერგვა.

მომხმარებელთა სასარგებლოდ მიღებული კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური.