2026 წლის 3 ივნისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, გვანცა ჩხეიძემ სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“, სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და აპარატის სხვა თანამშრომლები. ასევე, ტელეკომუნიკაციების დარგში მოღვაწე ორგანიზაციების, საჯარო უწყებების, ოპერატორი კომპანიების, პრესისა და მედიის წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე კომუნიკაციების ომბუდსმენმა, ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სამსახურმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისი“, სატელეკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, საინფორმაციო ხასიათის 170-მდე შეხვედრა გამართა და უშუალო კომუნიკაცია 9 000-მდე (ცხრა ათასი) მომხმარებელთან დაამყარა.
2025 წელს სამსახურში შემოსული 3015 (სამი ათას თხუთმეტი) საჩივრიდან, 2863 (ორი ათას რვაას სამოცდასამი) დაკმაყოფილდა.
ანგარიშის პრეზენტაციაზე, გვანცა ჩხეიძემ შეაჯამა 2025 წელს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით სამსახურის მიერ განხორციელებული აქტივობები, განიხილა მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა, რეაგირების შედეგები, ასევე საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციები, ხოლო დასასრულს წარმოადგინა მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით 2026 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.






