Select Page

მიმდინარე წლის 12-13 ოქტომბერს,  აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების პლატფორმის (EaPeReg Network) ფარგლებში, კიევში, უკრაინაში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე: “მომსახურების ხარისხის კონტროლი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით”.

კომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე პრეზენტაციით წარდგა აღნიშნულ შეხვედრაზე და უკრაინის, ლატვიის, რუმინეთის, მოლდოვის, პორტუგალიის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ქვეყნებში მოქმედი მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეაგირების ფორმები და შედეგები სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა საჩივრებსა და განცხადებებზე. თამთა ტეფნაძემ ასევე ისაუბრა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სხვადასხვა წლებში განხილული საჩივრების სტატისტიკაზე, ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მეთოდოლოგიისა და პარამეტრების, ასევე, მონიტორინგის სათანადო სისტემის ჩამოყალიბებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების დახვეწის მიზნით კომისიაში მიმდინარე პროცესებზე, მომხმარებელთა დაცვის კუთხით მომსახურების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ომბუდსმენის მიერ შეხვედრაზე დასმულ საკითხებს დიდი დაინტერესება მოჰყვა უცხოელი კოლეგების მხრიდან. საზოგადოებრივმა დამცველმა დეტალურად და ამომწურავად უპასუხა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის არაერთ შეკითხვას. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში მხარეები გაეცნენ თითოეული ქვეყნის გამოცდილებასა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ აქტივობებს, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება როგორც სხვა მონაწილე ქვეყნების, ასევე, ქართველი მომხმარებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.