მიმდინარე წლის 7 თებერვალს, ქ. თელავში, მომხმრებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელმა, შოთა შაფაქიძემ, მონაწილეობა მიიღო Small and Medium Telecom Operators Association of Georgia-ის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც საქართველოში ინტერნეტის ფასის დაწევის, ასევე, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის გახსნისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხების განხილვას დაეთმო.
შოთა შაფაქიძემ ოპერატორებს მომხმარებლებისგან შემოსული საჩივრების სტატისტიკა გააცნო, მათ შორის, ინტერნეტის ხარისხთან თუ ფასებთან დაკავშირებით და სტატისტიკაზე დაყრდნობით, შესაბამისი რეკომენდაციები გაუზიარა.
შეხვედრაზე ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის წარმომადგენლებმა, მცირე და საშუალო ოპერატორებს კომისიის მიმდინარე პროექტები წარუდგინეს და ტელეკომ ოპერატორებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მათ აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილეს ყურადღება.
2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევა დაიწყო. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნასა და კონკურენციის გაუმჯობესებას ისახავს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და მრავალფეროვანი ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა შეეძლოთ.