2015 წლის 14 მაისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა მორიგი რეგიონული შეხვედრა ქ. თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება ციფრულ საეთერო მაუწყებლობასა და სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეებმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს ინფორმაცია სამსახურის მიერ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, 2014 წელს განხორციელებული აქტივობებისა და 2015 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე, მომხმარებლებს გააცნეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა. სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის პროცესთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ამომწურავად გაეცა პასუხი მრავალ შეკითხვას.
კომუნიკაციების ომბუდსმენის, თამთა ტეფნაძის ინიციატივით უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან პერმანენტული შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ბოლო მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.