მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, თამთა ტეფნაძის ინიციატივითა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელშეწყობით, 2015 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა დაიწყო აქტიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ადგილობრივ ოპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან.
აღნიშნული რეგიონული შეხვედრები მიზნად ისახავს საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, მათი უფლებებისა და მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებების შესახებ.
პირველ ეტაპზე, 2015 წლის 22 აპრილს შეხვედრა გაიმართა ქ.გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში. აღნიშნული შეხვედრის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საჯარო სკოლების დამამთვრებელი კლასის მოსწავლეები. საზოგადოებრივმა დამცველმა დაინტერესებულ პირებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის, 2014 წელს განხორციელებული აქტივობებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით 2015 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე, მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური უახლოეს მომავალში მსგავსი აქტივობების განხორციელებას გეგმავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის: ქუთაისში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.