2015 წლის 6 მარტს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე სახალხო დამცველის აპარატთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსს, ირინე ობოლაძესა და მის მოადგილეს, რუსუდან კოხოძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა ყურადღება გაამახვილა სატელეკომუნიკაციო დარგში შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, აგრეთვე, იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ გატარდა ამ კატეგორიის მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით. შეხვედრის მხარეებს შორის მოხდა ინფორმაციის გაცვლა შშმ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
მხარეებმა განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით დაგროვილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ყურადღება გამახვილდა ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა ცნობიერების ამაღლების კუთხით განსახორციელებელი აქტივობები, ბრაილის შრიფტის გამოყენება, გაციფრულების პროცესში შშმ პირთა უფლებების დაცვა და სხვ. შეხვედრაზე ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ასევე ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა აუდიო-ვიზუალურ მასალაზე მაუწყებლების მხრიდან ადეკვატურის წვდომის შესაძლებლობის უზრუნველყოფისა და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა დამცველთა შორის ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო დარგში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სათანადო დაცვას.