27 ნოემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი – თამთა ტეფნაძე მიწვეულ იქნა GeoDigital.TV-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე – „სატელევიზიო სერვისის ხარისხი საქართველოში: განვითარების პერსპექტივები“.
აღნიშნული შეხვედრისას თამთა ტეფნაძემ ისაუბრა მაუწყებლობის სხვადასხვა ფორმით (საკაბელო, სატელიტური, საეთერო, IPTV) მომსახურების მიღებისას გამოვლენილ პრობლემებზე, მოქმედ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე, სპეციფიკური შინაარსის მატარებელი სატელევიზიო პროგრამის ყურებისას არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
დისკუსიის მსვლელობისას კომუნიკაციების ომბუდსმენმა ასევე ყურადღება გაამახვილა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ურთულეს ეტაპზე მოსახლეობის სათანადო ინფორმირების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით გადასადგმელ არაერთ ღონისძებაზე. თამთა ტეფნაძემ აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით აუცილებელია შემუშავდეს ბროშურა, რომელიც კომპლექსურად მოიცავს გაციფრულებასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ საკითხს, ასევე, ციფრული სიგნალის მიღებისთვის საჭირო ტექნიკის გამყიდველმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ კონსულტანტების გადამზადება, ხოლო მომხმარებელთა დროული ინფორმირების მიზნით აქტიურად უნდა ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები.