Select Page

კომუნიკაციების მომხმარებეთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოვიდა მოქალაქე ზ.მ. -ის საჩივარი, რომელიც ეხება მისი საცხოვრებელი ბინის თავზე განთავსებულ საკაბელო ტელევიზია სს GNN-ის ოფისის მძლავრ სამუშაო დანადგარებს, მიმღებ საკაბელო ანტენებსა და თეფშებს.
მოქალაქის მტკიცებით, ზემოაღნიშნული პრობლემის გამო საცხოვრებელ ფართში არის გაუსაძლისი ხმაური და ვიბრაცია. გარდა ამისა, მას აინტერესებდა, არსებულ აპარატურას ხომ არ აქვს ჯანმრთელობისთვის საშიში გამოსხივება და შეესაბამება თუ არა სტანდარტებს.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა პრობლემის სრულყოფილად შესწავლის მიზნით წერილობით მიმართა კომპანია GNN-ს, რომელმაც რიგ საკითხებზე წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული გარკვეული სამუშაოების შემდეგ, მოქალაქე ზ.მ. -ის საცხოვრებელ ბინაში მეტწილად შეწყდა ხმაური და ვიბრაცია. კერძოდ, კომპანიამ უზრუნველყო სათაო სადგურის შიდა ზედაპირის დაფარვა მექანიკური რხევების (ვიბრაცია, ხმაური) ჩამხშობი საფარით.

16 ივლისს საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეები, ალექსანდრე მშვილდაძე, გიორგი ხუნდაძე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის ინჟინერი ზურაბ გუძუაძე, პრობლემის ადგილზე შეწავლის მიზნით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არსებულ სს GNN-ის შესამოწმებლად იმყოფებოდნენ. მათ მოქალაქე ზ.მ. -თან ერთად დაათვალიერეს კომპანიის სათაო ოფისი და მასში არსებული სამუშაო დანადგარები.
შემოწმებისა და დათვალიერების შემდეგ, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სპეციალისტმა – ზურაბ გუძუაძემ აღნიშნა, რომ ყველა დანადგარი განთავსებულია სტანდარტების დაცვითა და ჯანმრთელობისთვის მათ მუშაობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება. კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ დამატებით უზრუნველყოფენ ოფისის კედლების დაფარვას ხმაურის დამხშობი ფენით.

მოქალაქე ზ.მ.-მ კმაყოფილება გამოთქვა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეაგირების ფორმებსა და მიღებულ შედეგთან მიმართებით.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური დადებითად აფასებს სს GNN-ის მზაობას აქტიურ თანამშრომშრომლობაზე.

IMG_5354 IMG_5355 IMG_5382 IMG_5384 IMG_5386