კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენმა, ქალბატონმა თამთა ტეფნაძემ, ამა წლის 25 ივნისს ინიციატივით მიმართა საქრთველოში აქტიურად მოქმედ სატელეკომუნიკაციო კომპანიას „კავკასუს ონლაინს“. კერძოდ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაცია ეხება ზედა ინტერნეტ პაკეტიდან მინიმალურ ინტერნეტ პაკეტზე გადასვლისას დაწესებული აქტივაციის საფასურის გაუქმებას.
ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე მაღალი კონკურენციის არსებობის გამო, სატელეკომუნიკაციო კომპანიები სამომხმარებლო ბაზარს ახალ-ახალ სატარიფო პაკეტებს სთავაზობენ.
კომპანია „კავკასუს ონლაინს“ ინტერნეტ მომსახურების რამდენიმე პაკეტი აქვს, რომელიც განსხვავდება ფასებით და შესაბამისად ინტერნეტის მომსახურების სიჩქარით. პაკეტების აქტივაციის საფასური კი დამოკიდებულია, თუ რა ნომინალისაა პაკეტი. ინტერნეტის მომსახურების მინიმალური პაკეტის აქტივაცია ფასიანია, ხოლო მაღალი ტარიფის ინტერნეტ პაკეტის ინსტალაცია არის უფასო. საგულისხმოა ერთი ფაქტი, თუ მომხმარებელს აქვს მაღალი ნომინაციის პაკეტი და სურს დაბალზე გადასვლა, ამ შემთხვევაში მომხმარებელი იხდის ინსტალაციის საფასურს.
კომუნიკაციების მომხმარებელთა საზოგადოებრივმა დამცველმა, ამ საკითხების შესწავლისა და ქართულ სამომხმარებლი ბაზარზე სხვა ინტერნეტ მომწოდებელი კომპანიების მომსახურების შესწავლის შემდეგ, მიმართა კომპანიას ინიციატივით, რომ სატარიფო პაკეტების მომსახურების შეცვლის შემთხვევაში, დაწესებული საინსტალაციო გდასახადი გაუქმდეს, რადგან, ეს ფაქტი ართმევს მომხმარებელს არჩევანის უფლებას: „მიზანშეწონილია კომპანია ზრუნავდეს საკუთარ მომხმარებლებზე, რომლებსაც გარდა უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისა, აგრეთვე უნდა გააჩნდეთ არჩევანის თავისუფლება. საყურადღებოა, რომ მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაფი პაკეტით სარგებლობას ანიჭებს უპირატესობას, რის გამოც არ უნდა იზღუდებოდნენ არჩევანის თავისუფლებაში” – ნათქვამია კომუნიკაციების ომბუდსმენის მიმართვაში.
საზოგადოებრივი დამცველი იმედს იტოვებს, რომ “კავკასუს ონლანი” გულისხმიერად მოეკიდება აღნიშნულ რეკომენდაციას და საკითხისადმი აქტუალურ ჩართულობასა და მზაობას გამოხატავს.