მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, მომხმარებელთა მხრიდან გამოთქმულ არაერთ საჩივარზე რეაგირებისა და სამომავლოდ ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიების მიერ მისაწოდებელი ინტერნეტის მინიმალური ერთეულის სიჩქარეზე ტარიფის ზედა ზღვრის დადგენის მიზნით, ასევე სამომხმარებლო ბაზარზე არსებული პრობლემატიკის ანალიზისა და კვლევის ჩატარების შესახებ მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიიჩნევს, რომ შესწავლილ უნდა იქნას, ხომ არ იკვეთება მსხვილი კომპანიების მიერ შეთანხმებული მოქმედება, რის გამოც მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები ექცევა სატარიფო პოლიტიკაზე კომპანიებს შორის დადებული ფარული შეთანხმების ქვეშ.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ მხედველობაშია მისაღები მომხმარებელთა ერთ-ერთი ძირითადი უფლება – არჩევანის თავისუფლება. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით კი ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებლები მოკლებული არიან შესაძლებლობას, ისარგებლონ იაფი ინტერნეტ-პაკეტებით. ვინაიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინტერნეტ-მომსახურებაზე ჯერ კიდევ არ აქვს დადგენილი ტარიფის ზედა ზღვარი, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს გააჩნია გონივრული ეჭვი იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნულით სარგებლობენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიები, რის გამოც მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხი რჩება მათსა და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგნად.
საზოგადოებრივი დამცველის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სათანადო რეაგირების მიზნით ამ ეტაპზე ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისგან გამოითხოვა ინტერნეტ მომსახურებაზე საცალო ტარიფების გაანგარიშება.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ეტაპობრივად გაგაცნობთ მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მათ კანონიერ ინტერესებზე რეაგირების მიზნით გატარებული ღონისძებების შესახებ!