2025 წლის 23 მაისს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა – გვანცა ჩხეიძემ სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
პრეზენტაცია გაიმართა სასტუმროში „Swissotel Tbilisi“, სადაც კომუნიკაციების ომბუდსმენმა საზოგადოებას გააცნო სამსახურში შემოსულ მომხმარებელთა საჩივრებზე რეაგირების მექანიზმები, მომართვიანობის მზარდი მაჩვენებელი და საქმიანობის შედეგები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – შოთა ბერეკაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი – ვლადიმერ ბოჟაძე; საქართველოს სახალხო დამცველი – ლევან იოსელიანი; იუსტიციის მინისტრის მოადგილე – გიორგი დგებუაძე; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე – ირაკლი ლექვინაძე; კომუნიკაციების კომისიის წევრი – ვახტანგ აბაშიძე, ასევე, ტელეკომუნიკაციების დარგში მოღვაწე ორგანიზაციების, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, საჯარო უწყებების, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების, პრესისა და მედიის წარმომადგენლები.















