2015 წლის 3 თებერვალს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის და შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ სხვადასხვა სახის მომსახურებებზე შემუშავებულ ხელშეკრულებებში გარკვეული ცვლილებების შეტანა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტთან“ შესაბამისობის მოყვანის მიზნით.

დამცველის სამსახურიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე და მისი თანაშემწეები, ხოლო შპს „კავკასუს ონლაინს“ წარმომადგენდნენ: მთავარი იურისტი ნინა გიორგობიანი, იურისტი თამარ ხარაზიშვილი და საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი გენადი როსტომაშვილი.

მხარეები შეთანმხდნენ იურდიული ტექნიკისა და სამართლებრივი თვალსაზრისით სააბონენტო ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით შემდგომ ურთიერთთანამშრომლობაზე.

საზოგადოებრივი დამცველი დადებითად აფასებს კომპანიის მზაობას ხელი შეუწყოს სამომხმარებლო ბაზარზე დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრას, მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ გაწეული სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციების გათვალისწინებით.