კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 თებერვალს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ სხდომაზე საბჭოს ახალ წევრად ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე დასახელდა.

ანტიკორუფციულმა საბჭომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია, 2015–2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და ანტიკორუფციული დოკუმენტების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია განიხილა.

ანტიკორუფციული საბჭო “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანოა. მის ფუნქციებში შედის ქვეყანაში ანტიკორუფციული საქმიანობის კოორდინაცია, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და მათი შესრულების კონტროლი, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგების კონტროლი, შესაბამისი საკანონმდებლო საქმიანობის ინიცირება და რეკომენდაციების მომზადება.

საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. მის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ანტიკორუფციულ საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

10959630_859111214150208_5867696802791167360_n