მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ 4 მაისს ინიციატივით მიმართა კომპანია „კავკასუს ონლაინსა“ და „სილქნეტს“, რომელთაც 2015 წლის მარტიდან მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ ტელესაკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაზარდეს. კერძოდ, კომუნიკაციების ომბუდსმენის რეკომენდაცია ეხება მინიმალური ინტერნეტ პაკეტის შენარჩუნებას 5მგ/წმ ოდენობით ოპტიკურ ინტერნეტზე, ხოლო DSL პაკეტებზე 1მგ/წმ სიჩქარით.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მარტიდან კომპანიების მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ტარიფები გაიზარდა ყველა ხარისხისა და ფასის მომსახურებაზე. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოსული არაერთი განცხადების/საჩივრის შესწავლის შედეგად ცალსახად დასტურდება, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით უპირატესობას ანიჭებს იაფი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას, ვიდრე გაზრდილ ინტერნეტ სიჩქარეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველი იმედს იტოვებს, რომ კომპანიების მხრიდან მომხმარებლებს მიეცემათ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, თავის მხრივ, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ბიზნეს ინტერესების მიუხედავად მომხმარებლებზე ზრუნვით კომპანიებისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაიზრდება ერთგულ და პოტენციურ მომხმარებლებში.