ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება აკრძალულია “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კომისიის რეგლამენტით და აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სანქციის დაკისრების საფუძველს.

დაუშვებელი პროდუქციაა ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია;

რეგლამენტის თანახმად, ინტერნეტ მომსახურების გამწევი პირი, ინტერნეტპროვაიდერი ვალდებულია შეიმუშავოს ისეთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომსახურება, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ვებსივრცეში განთავსებულია დაუშვებელი პროდუქცია. ინტერნეტ-გვერდის მფლობელი ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ ბმულს ამოწმებს იმ მიზნით, რომ ბმულის სახით მითითებული გვერდი არ შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ან სხვა დაუშვებელ პროდუქციას. ასეთის არსებობის შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს მათ აღმოსაფხვრელად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ინტერნეტ-დომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტ-გვერდების შინაარს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტ-გვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყონებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად:

• გააფრთხილოს დომენის მფლობელი და განუსაზღვროს ვადა დაუშვებელი პროდუქციის ამოღებისათვის;
• გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტ-გვერდის დაბლოკვა.