კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აგრძელებს პროექტ „მოგზაურ ოფისს“, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის სამსახურის სერვისების და ინფორმაციის ადგილზე მიღების შესაძლებლობას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 ივნისს, სამუშაო შეხვედრა შედგა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი სოფო აივაზაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია, სამსახურის საქმიანობის, მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეების მხრიდან გამოიკვეთა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტრონულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებთან მიმართებაში არსებული პრობლემური საკითხები და გამოწვევები, რასთან დაკავშირებითაც სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.









