Select Page

პროექტ „მოგზაური ოფისი“-ს ფარგლებში, სამსახური უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლების შესაძლებლობას, ადგილზე ისარგებლონ სამსახურის სერვისებით, დააიდენტიფიცირონ პრობლემური საკითხები და მიიღონ ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მექანიზმების შესახებ.

სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ამ მიმართულებით, 2025 წლის 17 ნოემბერს, შეხვედრა ჩატარდა ქ. ქუთაისში, ააიპ საქართველოს ყრუთა კავშირის ქუთაისის ფილიალის ბენეფიციარებთან. მომხმარებლებმა მათთვის მიწოდებული ინფორმაციის პარალელურად,  სამსახურის წინაშე დააყენეს ინტერნეტით მომსახურების მიწოდების პრობლემური საკითხი და ითხოვეს შესაბამისი დახმარება/ჩართულობა.

სამსახურმა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნიდან გამომდინარე, მიმართა მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, შპს ,,სქაიტელს“ და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების შესაძლებლობის ფარგლებში,  ააიპ ,,საქართველოს ყრუთა კავშირის“ ქუთაისის ფილიალის ბენეფიციარებისთვის საშეღავათო პირობებით ინტერნეტით მომსახურების პირველადი ჩართვა სთხოვა.

2026 წლის 18 თებერვალს, სამსახურს ეცნობა, რომ შპს ,,სქაიტელმა“ გაითვალისწინა, საზოგადოების მხარდაჭერის, მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით სამსახურის თხოვნა და ააიპ ,,საქართველოს ყრუთა კავშირის“ ქუთაისის ფილიალს, სამსახურის ჩართულობის,  კომპანიის კეთილი ნებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების გათვალისწინებით, უსასყიდლოდ ჩაურთო ინტერნეტით მომსახურება, შემდგომი შეღავათიანი სატარიფო პირობებით.

სამსახური მიესალმება,  კომპანიის მხრიდან გამოხატულ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.