Select Page

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული დრო და ყურადღება ეთმობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედ მომხმრებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დასაქმებულ პირთა ვინაობის, მათ რეზიუმეებში მითითებული პროფესიული განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (აღნიშნული ინფორმაცია თითოეული თანაშემწის დანიშვნის დღიდან განთავსებულია ვებ-გვერდზე – www.momkhmarebeli.gncc.ge) დადგენა/შეფასებას. აღსანიშნავია, რომ მედიაც მხოლოდ იმ საკითხებით ინტერესდება, რაზეც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აკეთებენ აქცენტებს.

ვინაიდან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დასაქმებული პირები არაერთხელ მოექცნენ საზოგადოების ინტერესის ქვეშ, გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ რამდენიმე საკითხი:

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 152 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე ნიშნავსსაზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილების ვადით, საზოგადოებრივი დამცველის წარდგინების საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 32-ე მუხლების მოქმედება.

შესაბამისად, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დღეს მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეები დანიშნულნი არიან კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და არსებული წესის სრული დაცვით!

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს შესაბამისი სპეციალობის თანაშემწეები.

აქედან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ კანონმდებელმა თავის დროზე განსაზღვრა საზოგადოებრივი დამცველის დამოუკიდებლობის ხარისხი და მისი დისკრეცია გუნდის ფორმირების თვალსაზრისით!

გარდა ამისა, როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, ასევე მედიისა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებს, მოგიწოდებთ ასეთივე გულმოდგინებით დაინტერესდეთ სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობით, კერძოდ, ასრულებს თუ არა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და ამოცანებს, რა ღონისძებებს მიმართავს სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რამდენად ეფექტიანად ახდენს უფლებადარღვეულ პირთა პრობლემებზე რეაგირებას, რეალურად იცავს თუ არა სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რამდენად მიზანშეწონილია სამართლებრივი დაცვის აღნიშნული მექანიზმის რეაგირების ფორმები/შედეგები და სხვ.