რა უფლებები აქვს მომხმარებელს
რა უფლებები აქვს ელექტრონული კომუნიაკციებისა და მაუწყებლობის სფეროს მომხმარებელს?
- მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან შეცდომაში შემყვანი ხასიათი;
- მომხმარებელს უნდა შეეძლოს უფასოდ და შეუფერხებლად, ამომწურავად, გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის 24-საათიანი ცხელი ხაზის მეშვეობით;
- თავისუფლად აირჩიოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობა;
- მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიწოდებისა და მიღების წესების შესახებ; ასევე, რა ზომებს გაატარებს მიმწოდებელი კომპანია მომხმარებლის მიერ ამ წესების დარღვევის შემთხვევაში;
- ჰქონდეს ინფორმაცია გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების (საფასურის გადახდის ფორმები), საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ;
- ფლობდეს ინფორმაციას საშეღავათო სისტემის შესახებ;
- იყოს ინფორმირებული მომსახურების შეზღუდვის ან შეწყვეტის საფუძვლებისა და ხანგრძლივობის შესახებ;
- იყოს ინფორმირებული მიუწოდებელი ან უხარისხო მომსახურებისთვის გათვალისწინებული საკომპენსაციო პირობების შესახებ;
- მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აბონენტს შეატყობინოს, სულ ცოტა ერთი თვით ადრე, მომსახურების ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ;
- გააჩნდეს წინასწარი ინფორმაცია თუკი რაიმე მომსახურებას ესაჭიროება დამატებითი ანაზღაურება (ამ მომსახურების მიწოდებამდე);
საჩივარი წარადგინოს უშუალოდ მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებელთა საჩივრების განმხილველ სამსახურში, რომელმაც საჩივარი უნდა განიხილოს და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს 15 დღის ვადაში.
- მიიღოს იმ ხარისხის მომსახურება, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით.
ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.