რა უფლებები აქვს მომხმარებელს
ვინ არის მომხმარებელი?
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის თანახმად:
მომხმარებელი არის ბოლო მომხმხმარებელი, რომელიც საკუთარი მიზნებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად:
მომხმარებელი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება.
მომხმარებელს უფლება აქვს:
- თავისუფლად აირჩიოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობა;
- მიიღოს იმ ხარისხის მომსახურება, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით;
- მიიღოს ინფორმაცია, გაწეული ან/და არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების შესახებ;
- მოითხოვოს მომსახურების გაწევისას ან მომსახურების გაწევით დარღვეული უფლების აღდგენა და მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება;
- მიიღოს ინფორმაცია უფასოდ და შეუფერხებლად, ამომწურავად, გასაგებ ენაზე მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის 24-საათიანი ცხელი ხაზის მეშვეობით;
- იყოს ინფორმირებული მომსახურების შეზღუდვის ან შეწყვეტის საფუძვლებისა და ხანგრძლივობის შესახებ;
- იყოს ინფორმირებული მიუწოდებელი ან უხარისხო მომსახურებისთვის გათვალისწინებული საკომპენსაციო პირობების შესახებ;
- ეცნობოს, მომსახურების ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ, პროვაიდერი კომპანიისგან ცვლილების განხორციელებამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე;
- გააჩნდეს წინასწარი ინფორმაცია თუკი რაიმე მომსახურებას ესაჭიროება დამატებითი ანაზღაურება (ამ მომსახურების მიწოდებამდე);
- საჩივარი წარადგინოს უშუალოდ მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებელთა საჩივრების განმხილველ სამსახურში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ან სასამართლოში.
ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელთანაც მოქმედებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური