Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ფუნქციონირებ. აღნიშნული სამსახურიეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა  მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად.

როგორც სამსახურის ხელმძღვანელი თამთა ტეფნაძე აცხადებს, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელს საზოგადოებრივი დამცველი წლების განმავლობაში არ ჰყავდა და მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა დღეს მოქმედი სამსახურის ფორმირება. ამ ეტაპზე კომუნიკაციების ომბუდსმენი სხვა საკითხებთან ერთად საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობს. GeoDigital.TV დაინტერესდა რა პრობლებემის წინაშე დგას მომხმარებელი ტვსერვისის მიღებისას და რას აკეთებს სამსახური პრობლემების გადასაწყვეტად. გთავაზობთ თამთა ტეფნაძის ექსკუზიურ ინტერვიუს GeoDigital.TV-თან.

GeoDigital.TV: როგორ შეაფასებთ ტვ-სერვისის ხარისხს საქართველოში?

თამთა ტეფნაძე: საქართველოს დიდ ქალაქებში iptv, საკაბელო, სატელიტური მაუწყებლობა და ასევე ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობა უკეთესი ხარისხითაა ხელმისაწვდომი. თუმცა აღსანიშნავია, რომ საკაბელო ტელევიზია გარკვეულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას არ მიეწოდება. ხოლო მათ, ვინც ამ ფორმით იღებს მაუწყებლობას, პროგრამული არხების დიდი არჩევანიც არ აქვთ. რაც შეეხება სატელიტურ და ანალოგურ მიწისზედა მაუწყებლობას, ამ შემთხვევაში ხშირად ადგილი აქვს ტრანსლირების შეფერხებას, რაც დამოკიდებულია ამინდის ცვალებადობაზე, გეორგაფიულ ადგილმდებარეობაზე და სხვა გარემო ფაქტორებზე. მოსახლეობას პრობლემები ამ მხრივ ნამდვილად ექმნება. Iptv მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოსულ საჩივრებს თუ დავეყრდნობით, პრეტენზიები ძირითადად შეეხება სხვადასხვა არხის ყურებისას  დაფიქსირებულ ხარვეზებს. საუბარია გამოსახულებაზე, როდესაც შეიძლება მოულოდნელად ტრანსლირება საერთოდ შეწყდეს. საყურადღებოა, რომ მაუწყებლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე კომპანიების მისამართით საჩივრები ნაკლებადაა დაფიქსირებული, რადგან ზოგადად სატელეკომუნიკაციო სფეროში ქართველი მომხმარებლები არ იჩენენ სათანადო აქტიურობას.

GeoDigital.TV: რა არის მომხმარებლის პასიურობის მიზეზი?

თამთა ტეფნაძე:  მეტწილად ამის მიზეზი არაინფორმირებული და მოუმზადებელი მომხმარებელია, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას თუ რა უფლებები გააჩნია საკუთრივ მას და რა შეუძლია მოსთხოვოს მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას. მომხმარებლის პასიურობას ასევე ხელს უწყობს საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზები.თუნდაც ის, რომ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის თვალსაზრისით დღეს არსებული მექანიზმი არ არის ეფექტური. როგორც იცით, „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მარეგულირებელი ნორმები გადავიდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსში. ეს კოდექსი კი არ საჩივრდება არც სასამართლოში და არც კომისიაში, შესაბამისად, არც საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მომართავენ საჩივრებით. საგულისხმოა ისიც, რომ მოქმედი რეგულაციებით შეზღუდულია პირთა წრე, ვისაც მსგავსი პრობლემის შემთხვევაში საჩივრით მიმართვის უფლება აქვს. შედეგად, მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მის ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანი დაიცვას თუკი მიაჩნია, რომ სატელევიზიო პროგრამის მეშვეობით რაიმე სახით მავნე ზეგავლენას განიცდის მორალური, ფსიქოლოგიური, სოციალური თუ სხვა თვალსაზრისით. დღეს არსებული მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმი, საჩივრების ოდენობისა და მიღებული გადაწყვეტილებების თვალსაზრისით, არაეფექტურ მექანიზამდ უნდა ჩაითვალოს.

GeoDigital.TV: რა პრობლემებს ხედავთ მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით ტვ-სერვისის სფეროში საქართველოში?  

თამთა ტეფნაძე:  როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი პრობლემა არის არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმი მავნე ზეგავლენისგან. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა უნარშეზღუდული მომხმარებლის უფლება აუდიო-ვიზუალურ მედია მომსახურებაზე სათანადო წვდომის შესახებ. დღეს დღეობით მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს ამ საკითხს, თუმცა ისიც მხოლოდ საინფორმაციო გადაცემების შემთხვევაში. ვფიქრობ, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმევა. მიზანშეწონილია, ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე კომპანიას გააჩნდეს ეს ვალდებულება, მათ უნდა უზრუნველყონ და დაიცვან უნარშეზღუდული მომხმარებლების ინტერესი – მიიღონ აუდიო-ვიზუალური პროგრამების აღქმის სათანადო საშუალება.

მნიშვნელოვანი პრობლემაა სატელევიზიო რეკლამის თვალსაზრისით არსებული კანონმდებლობა. მოქმედი რეგულაციებით მაუწყებლებს შესაძლებლობა აქვთ სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული დროის 20% დაუთმონ სატელევიზიო რეკლამას. ამ შესაძლებლობას კომპანიები გარკვეულწილად ბოროტად იყენებენ, რადგან კომერციული რეკლამის დიდი ნაწილი პარიმ-ტაიმშია განთავსებული და სამაუწყებლო ბადეში სათანადოდ არ არის გადანაწილებული საათობრივად. ბუნებრივია, რომ მაყურებლის გაღიზიანებას იწვევს 15 წუთზე მეტი ხანგრძლივობით სარეკლამო ჭრილები. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სატელევიზიო რეკლამაზე მოქმედი რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ კანონებში, რათა საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი ევროკავშირის რეგულაციებთან.

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკმაოდ რთული პროცესია დაწყებული და ამის შესახებ მომხმარბელი არ არის სათანადოდ ინფორმირებული. ეს კიდევ ერთი პრობლემაა. შესაბამისად, სათანადო ღონისძიებები უნდა გატარდეს. თავად მაუწყებლებიც უნდა ზრუნავდნენ ამ საკითხზე, გაციფრულების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია უფრო მეტად უნდა შუქდებოდეს მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე. მომხმარებელი არ ფლობს საჭირო ინფორმაციას, თუ რა ცვლილებებთან არის დაკავშირებული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რა ელით მათ, რა ტექნიკური მხარდაჭრა უნდა გააჩნდეთ იმისათვის, რომ ციფრული სიგნალი მიიღონ. მომხმარებლის ინფორმირებისთვის სასარგებლო იქნებოდა გაციფრულების პროცესზე მომუშავე ყველა ორგანიზაციის თუ უწყების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული ბროშურა, რომელიც კომპლექსურად მოიცავდა ყველა აუცილებელ საკითხს. მსგავსი ტიპის საცნობარო ბროშურა ხელს შეუწყობდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით.   

GeoDigital.TV: რამდენად ხელმისაწვდომია ტვ-სერვისი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე?

თამთა ტეფნაძე: პრობლემები მეტწილად მაღალმთიან რეგიონებშია, სადაც ხშირად საკაბელო ოპერატორი არ არის. თუმცა ასეთი ტიპის საჩივრით საზოგადოებრივი დამცველისათვის არ მოუმართავთ. ამ კუთხით საჩივრების ნაკელებობა არის მთელი რიგი ფაქტორების გამო. ჩვენ მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების კუთხით ვმუშაობთ, რადგან ქართველ მომხმარებელს ნამდვილად სჭირდება საინფორმაციო უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით შესაბამისი ღონისძიებებია გასატარებელი. მათ უნდა იცოდნენ რა შემთხვევაში ვის მიმართონ, რა მექანიზმები გამოიყენონ. თუმცა აღნიშნულს ობიექტური მიზეზებიც აქვს. საკაბელო ქსელი ფუნქციონირებს იქ, სადაც მოთხოვნაა, ამ რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით. შეიძლება არსებული ვითარების განმაპირობებელი ესეც იყოს.

რაც შეეხება საეთერო სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებას, როგორც იცით, კომისია გეგმავს, ყველა ადგილობრივი მაუწყებლისათვის შესაბამისი სიხშირის უსასყიდლოდ მინიჭებას ადგილობრივი მულტიპლექსის ასაგებად, რაც ამ სიტუაციას ერთგვარად გამოასწორებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდგომ.

თუმცა პრობლემად დარჩება ისეთი მუნიციპალიტეტები, სადაც არც ადგილობრივი  მაუწყებელი ფუნქციონირებს და არც ადგილობრივი მულტიპლექსის აგება იგეგმება. ვფიქრობთ, ამ კუთხით საზოგადოებრივი დამცველი ჩართული უნდა იყოს კომისიის მიერ რეგულაციური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სწორედ მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით. ამისათვის საზოგადოებრივ დამცველს საჩივრით მიმართვა არ სჭირდება; ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ჩვენივე ინიციატივით ჩავერთვებით ასეთი საკითხების გადაწყვეტაში. 

GeoDigital.TV: მომხმარებელს თუშეთში, თუ თბილისში აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი გამოსახულება. თვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემის გადაწყვეტას?

თამთა ტეფნაძე: საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისევე როგორც ეროვნული მაუწყებლობის ლიცენზიის ყველა მფლობელს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აქვს ვალდებულება, მაუწყებლობის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის. თუმცა უმჯობესი იქნება თუკი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, მსგავსი ტიპის მაუწყებლებს გაუჩნდებათ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ვალდებულებაც, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოში მცხოვრები თითოეული მაყურებელის თუ მსმენელისათვის ხარისხიან მომსახურებაზე წვდომის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ამ ხარისხთან დაკავშრებულ პრობლემას მეტწილად მოაგვარებს ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით შესაძლებელი გახდება სიხშირული სპექტრის გამოთავისუფლება და იმ სიხშირულ ზოლში, რომელშიც, დღეს არსებული ანალოგური მაუწყებლობის პირობებში, მხოლოდ ერთი სამაუწყებლო არხის გატარებაა შესაძლებელი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდგომ ბევრად მეტი პროგრამული არხის ტრანსლირება იქნება შესაძლებელი. შედეგად, მაყურებელი მიიღებს სხვადასხვა არხების ფართო არჩევანს, ბევრად უკეთეს გამოსახულებას და გაუმჯობესებულ აუდიო ხარისხს. აგრეთვე, მოქნილი ინტერფეისის არსებობა მოგვცემს სატელევიზიო პროგრამების და არხების იოლად არჩევის შესაძლებლობას და სხვ.

GeoDigital.TV:  პროვაიდერ-კომპანიებს რაც შეეხება. რამდენად შეესაბამება მომსახურების ხასიხსი ფასს?

თამთა ტეფნაძე: ჩვენ მუდმივად ვიღებთ პრეტენზიებს მომხმარებლებისგან, რომ მათ მიერ გადახდილი საფასური არ შეესაბამება კომპანიებისგან მიწოდებული მომსახურების ხარისხს. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის მომსახურებაზეა საუბარი. მსგავსი ტიპის საჩივრები მეტწილად Iptv მომსახურებას ეხება. საჩივრების შინაარსიდან როგორც იკვეთება, მომხმარებლებს უიწევთ გადაიხადონ საფასური მომსახურებისთვის, რომელიც რეალურად არ მიუღიათ. არის შემთხვევები, როცა მომხმარებელს რამდენიმე დღე არ მიეწოდება  სატელევიზიო მომსახურება, მაგრამ მაინც იხდის დაწესებული საფასურის სრულ ოდენობას, მაშინ როდესაც გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე კომპანიამ უნდა გამოიყენოს საკომპენსაციო მექანიზმი და უზრუნველყოს მომსახურების საფასურის გადაანგარიშება. ყოფილა შემთხვევები, როცა მსგავს საკითხებზე მომხმარებლის საჩივრის საფუძელზე მიგვიმართავს კომპანიებისათვის და მათგან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაციიდან გვიდასტურდება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში სატელევიზიო პროგრამის ხარისხიანი გამოსახულების ნაცვლად შავი ეკრანი ფიქსირდება ან გარკვეულ არხებზე გადახვევა-დაპაუზების რეჟიმია შეზღუდული ან სხვა სახის ხარვეზებით ხდება მომსახურების მიწოდება.

GeoDigital.TV: ამ შემთხვევაში როგორ არის მომხმარებელი დაცული?

თამთა ტეფნაძე: „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა დაცვის შესახებ“ მოქმედი რეგლამენტი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, არ ითვალისწინებს ხარვეზით მიწოდებული მომსახურების აღმოფხვრის ვადებს მაუწყებლობის ტრანზიტით მიწოდებისას. ზოგადად, აღნიშნული რეგლამენტი ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მასში ბევრი მოძველებული ნორმაა. შესაბამისად, აუცილებელია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით სათანადო რეგულაციების შემუშავება. ჩვენი სამსახურის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი ის პრობლემები, რაც მოქმედი რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციებს გააჩნია პრაქტიკაში. აგრეთვე, მიმდინარე რეჟიმში ვახორციელებთ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებების პირობების მონიტორინგს, სადაც ასევე მთელი რიგი პრობლემებია. შემდგომი ეტაპი იქნება, რეგლამენტში განსახორციელები ცვლილებების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე ყველა დაინტერესებული მხარე, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ატიურად იქნება ჩართული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატი და კომისიასთან მოქმედი ჩვენი სამსახური; ასევე უზრუნველყოფილი იქნება სატალეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კომპანიების მონაწილეობა. რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმების გადამუშავების შედეგად გაუმჯობესდება სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმი და მომხმარებლებს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ საკუთარი ინტერესების დასაცავად.     

წყარო : http://geodigital.tv/2014/10/%E1%83%A2%E1%83%95-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90/