საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს 2016 წლის 2 მარტს საჩივრით მიმართა შპს „მაგთიკომის“ კორპორატიულმა მომხმარებელმა მ. გ-მ. ვინაიდან მომხმარებლის მტკიცებით, იგი არ სარგებლობდა აღნიშნულ კორპორატიულ ნომერზე ინტერნეტ მომსახურებით, აბონენტი სადავოს ხდიდა მის სარგებლობაში არსებულ სააბონენტო ნომერზე შპს „მაგთიკომის“ მიერ ინტერნეტ მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანების (4232 ლარის) წარმოშობის საფუძველს და მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორეს.
ზემოხსენებული საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საზოგადოებრივი დამცველის, თამთა ტეფნაძის მიერ კომპანიისგან გამოთხოვილ იქნა საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ვინაიდან შპს „მაგთიკომმა“ ვერ უზრუნველყო მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა, საზოგადოებრივმა დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან იკვეთებოდა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“რეგლამენტით განსაზღვრული დებულებების დარღვევა, კერძოდ, როგორც მომსახურების შეზღუდვამდე, ასევე, მომსახურების შეწყვეტამდე მომხმარებლის ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარი ინფორმირების ვალდებულება. აღნიშნულის შესახებ ასევე ეცნობა შპს „მაგთიკომს“.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს „მაგთიკომმა“ მომხმარებელს სრულად ჩამოაწერა სადავო დავალიანება. კომპანიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი და იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ მობილური ოპერატორები ბევრად ეფექტურად უზრუნველყოფენ მომხმარებელთა ფართო ინტერესების დაცვის მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვას.