2014 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე და კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე ე.წ. „სპამის“ საკითხზე შეხვდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს. შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის აპარატის და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სხვა თანამშრომლებიც.
სატელეკომუნიკაციო დარგში დღეს არსებული ვითარებით, პრობლემურ საკითხებს შორის, საზოგადოებაში ძალზედ აქტიურად დგას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის სარეკლამო შინაარსის sms-გზავნილების პრობლემა. შეხვედრის მთავარ თემას სწორედ სმს-სპამის აქტუალობა და მასთან ბრძოლა წარმოადგენდა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამახურმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამ პრობლემაზე მუშაობას, რაც განპირობებული იყო აღნიშნულ საკითხზე მომხმარებელთა საჩივრების ზრდით. საზოგადოებრივმა დამცველმა ამა წლის 25 ივლისს რეკომენდაციით მიმართა კომისიას „სპამის“ სამართლებრივი რეგულირებისა და ამ პროცესში კომისიის ჩართულობის აუცილებლობაზე.
კომისიის მიერ შესწავლილ იქნა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალური ინფორმაციის გამოყენების მსოფლიო გამოცდილება. აღნიშნულზე დაყრდნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა სპამთან ბრძოლის სხვადასხვა მიდგომები; აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ევროპულ ქვეყნებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატში აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას, რითაც სამომავლოდ უზრუნველყოფენ ანტი-სპამ რეგულაციების ბევრად უფრო მოქნილი და ეფექტური მექანიზმის დანერგვას, კომპანიებისათვის „სპამთან“ ბრძოლის ხელშეწყობას. დაგეგმილი ღონისძებები კი მომხმარებლებს არასასურველი სარეკლამო შეტყობინებებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს.