2014 წლის 29 ოქტომბერს ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს შორის სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ამ კუთხით არაერთი სასარგებლო ღონისძიების განხორციელებას.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე, პაატა ბელთაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანი თამაზაშვილი; ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის თანაშემწეები: ქეთევან გუნიავა, ალექსანდრე მშვილდაძე და ბელა დეველაშვილი.
ომბუდსმენებმა განიხილეს როგორც ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ასევე კონკრეტულად სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებზე არსებული მდგომარეობა. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სამომხმარებლო ბაზარზე დაგროვილი პრობლემატიკა, პრაქტიკაში დანერგილი უფლებათადაცვითი მექანიზმების მუშაობა და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით თანამედროვე სტანდარტების დანერგვის აუცილებლობა.
ომბუდსმენებმა ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება ინტერნეტთან შეზღუდულად წვდომის პირობებში, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინფორმაციაზე წვდომის საკითხები. შედეგად კი, ადამიანის უფლებათა დაცვის, კერძოდ სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მხარეები შეთანხმდნენ, შემუშავებულ იქნას მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც პერმანენტულად ითანამშრომლებენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე; აგრეთვე, ერთობლივი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებენ საქართველოს მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს.