სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს „კავკასუს ონლაინის“ სარჩელი და პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
დავა ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის შესახებ 2014 წლის 13 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვდა შპს „კავკასუს ონლაინი“.
სასამართლო დავაში მესამე პირად ჩართული იყო კომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე. საზოგადოებრივი დამცველი მომხმარებელთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს წარმოდგენს და იცავს როგორც მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან (კომპანიებთან) დავაში, ასევე, კომისიაში და საქართველოს საერთო სასამართლოებში.
შპს „კავკასუს ონლაინმა“ სადავო გახადა კომისიის გადაწყვეტილება მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში, რომელიც ეხება მომხმარებელ უჩა ნებიერიძის მიმართ ინტერნეტისა და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების უხარისხო მიწოდებას, წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მომსახურების მიწოდებას, მიუღებელ და უხარისხო მომსახურებაზე საფასურის დარციხვას. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით კომპანია „კავკასუს ონლაინს“ დაევალა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების (IPTV) მიწოდებისას ეფექტიანი კოდირების სისტემის დანერგვა.
2016 წლის 14 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.