Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სსიპ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ რეკომენდაციით მიმართა, რომელიც შეეხება გაციფრულების პროცესში საზოგადოების დროულ და სათანადო ინფორმირებას. დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გამახვილდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებებზე.

ვინაიდან ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ახორციელებს გაციფრულების პროცესთან მიმართებით საინფორმაციო კამპანიების შემუშავებას და უზრუნველყოფს მოსახლეობის ოპერატიულ დახმარებას, საზოგადოებრივი დამცველი ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საინფორმაციო კამპანია უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი კომპონენტებით :

● სააგენტოს მიერ დამზადებული საინფორმაციო ვიდეო რგოლების თარგმნა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების მიზნით;
● შშმ პირებისათვის აუდიო-ვიზუალურ მასალებზე სათანადო წვდომის უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო ვიდეო რგოლების ჟესტური ენის გამოყენებით (სურდოთარგმანით) უზრუნველყოფა და აღნიშნული ფორმით სამაუწყებლო ბადეში განთავსება;
● უსინათლო მომხმარებლების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ბრაილის შრიფტით შესრულებული ბროშურების დამზადება და მომხმარებლებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა.

„მომხმარებელთა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიებების აქტიურად და კომპლექსურად განხორციელება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გამახვილდეს როგორც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების ინტერესებზე (რომლებიც საერთოდ ან სათანადოდ ვერ ფლობენ ქართულ ენას), ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ინფორმაციის მიწოდების ალტერნატიული ფორმებით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.“ – აღნიშნულია დამცველის მიმართვაში.