2016 წლის 1 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
„დღევანდელ სამყაროში ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. ნებისმიერ დარგში პროგრესის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია დროულად ფლობდე მაქსიმალურად ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას!.. უფლებრივი მგდომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება. მინდა, ქართველმა მომხმარებლებმა გაითავისონ, რომ უფლებებისათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – განაცხადა თამთა ტეფნაძემ.
საზოგადოებრივმა დამცველმა შეაჯამა 2015 წელს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები:
1. 2015 წლის საქმიანობის ანგარიში;
2. მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები;
3. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაგროვილი პრობლემები;
4. 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებები;
პრეზენტაციაზე ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლი და საფასურის დარიცხვის სისწორე, პერსონალური ინფორმაციის დაუცველობა და არასასურველი ელექტრონული გზავნილი (ე.წ. „სპამი“), აგრეთვე, გაციფრულების პროცესში მაყურებლის სათანადო ინფორმირების როლის მნიშვნელობა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და სათანადო უზრუნველყოფა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.