2015 წლის 16 ივნისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე და მისი თანაშემწეები, ნათია ფანგანი და გიორგი ხუნდაძე ყრუ-მუნჯ და სმენადაქვეითებულ მომხმარებლებს შეხვდა.
„საქართველოს ყრუთა კავშირში“ გამართული შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმირება ციფრულ საეთერო მაუწყებლობასა და სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, ასევე ისაუბრა შშმ პირთა, როგორც სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
„საქართველოს ყრუთა კავშირის“ წევრებში დიდი ინტერესი გამოიწვია სატელეკომუნიკაციო დარგში მათი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებმა. დაისვა მრავალი შეკითხვა და გამოიკვეთა პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა დასახა გასატარებელი ღონისძიებები.
თამთა ტეფნაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა სეგმენტის თანაბარწილად ინფორმირება, სატელეკომუნიკაციო დარგში ბოლო მომხმარებელთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცნობიერების ამაღლება, მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და სათანადო უზრუნველყოფა.