მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში sms-სპამის პრობლემა დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოსული არაერთი განცხადება/საჩივარი სწორედ sms-სპამის პრობლემას ეხება. საზოგადოებრივმა დამცვლმა მიმდინარე წლის 25 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეკომენდაციით მიმართა „სპამის“ აღნიშნული სახეობის სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობის შესახებ.დღევანდელი მდგომარეობით ზოგადად ,,სპამის“ სამართლებრივ რეგლამენტაციას ახდენს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი. აღნიშნული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სპამი“ არის არასასურველი ელექტრონული გზავნილი (SPAM), რომელიც ადრესატის სურვილის საწინააღმდეგოდ ხვდება მის საფოსტო ყუთში. სამწუხაროდ, დღეს მოქმედი რეგლამენტი ე.წ. „სპამისგან“ (არასასურველი ელექტრონული გზავნილი) მომხმარებლის დაცვის ვალდებულებას აკისრებს მხოლოდ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს.
შესაბამისად, არასასურველი სარეკლამო ხასიათის შეტყობინების (sms-სპამი) ბლოკირების საკითხი წყდება უშალოდ მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული და მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურების მიწოდების პირობებით. რაც შეეხება სხვადასხვა კერძო არასაკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ მობილური სატელეფონო მომსახურების მომხმარებლებისათვის სპამის დაგზავნის საკითხს, მათი ქმედება სცდება მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციას და, შესაბამისად, ამ კომპანიებზე პირდაპირი ზემოქმედების სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გააჩნია.
საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციაში, რომლითაც მან საქართველოს კომუნნიკაციების ეროვნულ კომისიას 25 ივლისს მიმართა, განმარტებულია რომ საქართველოში სპამის პრობლემის გადაჭრის მიზნით არ არის საკმარისი აღნიშნული საკითხი წყდებოდეს უშუალოდ ოპერატორების მიერ შემუშავებული და მომხმარებელთან სააბონენტო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით. ამდენად, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტში, რათა მომხმარებლის სპამისგან დაცვის ვალდებულება დაეკისროს არა მხოლოდ ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელს, არამედ სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიმწოდებლებსაც.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური დღესდღეობით აქტიურად მუშაობს sms – სპამის საკითხზე. იმისათვის, რომ სამართლებრივ დონეზე მოხდეს საკითხის გადაწყვეტა, ჯერ უნდა გაირკვეს საკითხის ტექნიკური მხარე; დღევანდელი მდგომარეობით ცალკეულ ოპერატორებს არ აქვთ კონკრეტული ნომრის მიმართულებით შერჩევითად სპამის დაბლოკვის ტექნიკური შესაძლებლობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკურად შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიამ განაკავშიროს, ან საერთოდ არ დაუშვას მომხმარებლისათვის მობილურ ტელეფონზე ყველა შემომავალი sms -ის მიღება, მაგრამ საამისოდ უნდა არსებობდეს სათანადო სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, კომპანიის სახელზე უშუალოდ მომხმარებლის მხრიდან წერილობითი მიმართვა, ვინაიდან პრობლება პირდაპირ კავშირშია მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებთან.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ sms -სპამის პრობლების მოგვარებისთვის აუცილებელია ოპერატორ კომპანიებთან კომისიის და საზოგადოებრივი დამცველის ურთიერთთანამშრომლობით შემუშავებულ იქნას სპამთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდები. ამდენად, საჭიროა დადგინდეს ის ტექნიკური პრობლემები, რის გამოც ოპერატორი კომპანიები ვერ უზრუნველყოფენ sms-სპამის პრობლემის მომხმარებლისათვის ინდივიდუალურად მოგვარებას.
სპამის საკითხის შესწავლის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებრივმა დამცველმა ინიციატივით მიმართა კომუნიკაციების კომისიას, რათა ზემოაღნიშნული პრობლემური საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის და დროული მოგვარების მიზნით, თავდაპირველ ეტაპზე უზრუნველყოფილ იქნას ოპერატორ კომპანიებთან შეხვედრის ორგნიზება კომისიის წევრების, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უშუალო მონაწილეობით, სადაც სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შემოღების მიზნით, განხილული იქნებოდა სპამის პრობლემა, მოხდებოდა საკითხის ტექნიკური მხარის შესწავლა, თანამდროვე სტანდარტების გაზიარება, შეფასება და მათი პრაქტიკაში დანერგვისთვის საჭირო მექანიზბების შემუშავება.