„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინტერნეტზე საბითუმო ფასის ზედა ზღვარის დაწესება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ ხდება, რაც საბოლოო ჯამში აისახება მომხმარებლისათვის მიწოდებული ინტერნეტის საცალო ფასზე.
მხედველობაშია მისაღები, რომ მომხმარებელი მოკლებულია არჩევანის თავისუფლებას, ისარგებლოს იაფი ინტერნეტ-პაკეტებით, რაც არღვევს მომხმარებელთა ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, არჩევანის თავისუფლებას. დამცველის სამსახურს გააჩნია გონივრული ეჭვი, რომ ბაზარზე არსებული ინტერნეტ ფასები არ არის ხარჯზე ორიენტირებული, რაც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მონოპოლიური მდგომარეობით არის გამოწვეული.
იმისათვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ იაფი ტარიფებით და დაცული იყოს მათი კანონიერი ინტერესები, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2014 წლის 6 აგვისტოს განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა ინტერნეტის საბითუმო ფასის ზედა ზღვარის დადგენა მოხდეს კომისიის მიერ.
ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ინტერნეტის საცალო ტარიფის გაიაფებას და ამ უკანასკნელს კიდევ უფრო მოქნილსა და ხარჯზე ორიენტირებულს გახდის.
ამასთან, გასათვალისწინებელია უამრავი უკმაყოფილო აბონენტის ინტერესი, რომლებსაც საკმაოდ მაღალი ფასის სანაცვლოდ დაბალი ინტერნეტის სიჩქარით სარგებლობა უწევთ.