კომუნიკაციების მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც მან შპს „კავკასუს ონლაინს“ მიმდინარე წლის 25 ივნისს მიმართა, ეხებოდა მაღალფასიანი ინტერნეტ პაკეტიდან მინიმალურ ინტერნეტ პაკეტზე გადასვლისას დაწესებული აქტივაციის საფასურის გაუქმებას.
აღნიშნული ინიციატივიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ომბუდსმენი – თამთა ტეფნაძე კომპანია „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებს – მთავარ იურისტს, ნინო გიორგობიანსა და გენერალური დირექტორის მრჩეველს, გიორგი ქარჩავას შეხვდა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ კომუნიკაციების ომბუდსმენის თანაშენწეები: გიორგი ხუნდაძე, ქეთევან გუნიავა და ბელა დეველაშვილი.
საზოგადოებრივმა დამცველმა ყურადღება გაამახვილა ინტერნეტ ბაზარზე ბოლო დროს დაგროვილ პრობლემებზე, რაზეც მომხმარებელთა ფართო წრე პრეტენზიას გამოთქვამს. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი, ინტერნეტ პაკეტებზე დაწესებული გაზრდილი საფასური და ინტერნეტ მომსახურების აქტივაციის საფასური, მათ შორის, მაღალფასიანი ინტერნეტ პაკეტიდან მინიმალურ ინტერნეტ პაკეტზე გადასვლისას კომპანიის მხრიდან ცალკე დაწესებული აქტივაციის 30-ლარიანი საფასური. ეს უკანასკნელი მომხმარებელთა უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
საზოგადოებრივმა დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებელთა დაბნეულობას იწვევს ის ფაქტიც, რომ ერთის მხრივ, „უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტ პაკეტის აქტივაცია უფასოა“, მეორეს მხრივ, მაღალ ინტერნეტ პაკეტზე დაწესებული საფასურის გადახდისას მომხმარებელი მაინც იხდის ინსტალაციის საფასურს, რომლის ღირებულებაც გადაანგარიშებული და გადანაწილებულია თვიურ სააბონენტო საფასურში.
გარდა ამისა, საზოგადოებრივმა დამცველმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ კომპანიის მომსახურებით მოსარგებლე აბონენტი არ უნდა განიხილებოდეს ახალ აბონენტად, როდესაც მას სურს მაღალი ინტერნეტ პაკეტიდან დაბალ ინტერნეტ პაკეტზე გადასვლა. შესაბამისად, ასეთ აბონენტს არ უნდა ერიცხებოდეს მინიმალურ ინტერნეტ პაკეტის აქტივაციაზე ცალკე დაწესებული საფასური, რითაც კომპანიის მხრიდან ამჟამად ადგილი აქვს მომხმარებლებისათვის არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას.
მხარეებმა განიხილეს კომუნიკაციების ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული ინიციატივები, რომლებიც ეხებოდა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტში შესატან შესაძლო ცვლილებებსა და აგრეთვე რამდენიმე რეკომენდაციას, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს პაკეტების აქტივაციაზე დაწესებული საფასური ისე, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს რა ოდენობის თანხას იხდის კონკრეტულ მომსახურებაში და ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა.
ელექტრონული კომუნიკაციების მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი იმედოვნებს, რომ მყისიერი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე კომპანია გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უახლოეს მომავალში ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრას და კომპანიის მხრიდან გათვალისწინებული იქნება საკუთარი მომხმარებელების ინტერესები.