მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიმართვის საფუძველზე 2014 წლის 14 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინს“ აბონენტ უჩა ნებიერიძის უფლებების დარღვევის გამო სანქცია – წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.
საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის აპარატმა საკითხის შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ შპს „კავკაუსუს ონლაინს“ მომსახურების მიწოდების შესახებ აბონენტთან არ ჰქონდა გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება. ამასთანავე, კომპანია არასათანადო ხარისხის მომსახურებას უწევდა აბონენტს. ასევე, შპს „კავკასუს ონლაინმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებული ინფორმაცია არასრულად და არადროულად მიაწოდა.
მონიტორინგის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა – შპს „კავკასუს ონლაინი“ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებისას სამაუწყებლო არხს ზრდასრულთათვის (+18) არასათანადო კოდირებით აწვდის მომხმარებელს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქმის მასალების გამოკვლევისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის საფუძველზე მიიჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგლამენტი, რის გამოც კომპანიას დაეკისრა სანქცია – წერილობითი გაფრთხილება.
ასევე, შპს „კავკასუს ონლაინს“ დაევალა ქმედებების განხორციელება, კერძოდ: კომპანიამ გონივრულ ვადაში უნდა შეზღუდოს არასრულწოვანთათვის მავნე ზეგავლენის მქონე პროდუქციის კოდირების გარეშე მიწოდება და აბონენტი უჩა ნებიერიძე მომსახურების შეფერხებით მიწოდების დღეებზე კომპენსაციით უზრუნველყოს.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი იმედოვნებს, რომ კომპანია „კავკასუს ონლაინი“ გონივრულ ვადაში მიიღებს მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანად დაცვისათვის საჭირო ზომებს და, ასევე, საზოგადოებრივი დამცველის თითოეულ მიმართვაზე დროულად უზრუნველყოფს ზუსტი, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაციის წარდგენას, რაც დადებითად აისახება სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე.