მიმდინარე წლის 11 ივნისს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
თამთა ტეფნაძემ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ და გააცნო ყველა ის პრობლემა, რაც ამ სფეროს მომხმარებლისთვის ყველაზე აქტუალურია. დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკაზე და რეაგირების შედეგებზე. მისი განცხადებით, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდასთან ერთად იზრდება საჩივრების რაოდენობა . კერძოდ, თუკი 2016 წელს სამსახურმა განიხილა 208 საჩივარი, 2017 წელს განხილული წერილობითი/ზეპირი საჩივრების მაჩვენებელი შეადგენს 283 განაცხადს. 2017 წელს განხილული 283 საჩივრიდან დაკმაყოფილდა 271 საჩივარი (96%). საერთო ჯამში განხილული საჩივრებიდან სრულად დაკმაყოფილდა 249, ხოლო 22 ნაწილობრივ. დარღვევა არ დადასტურდა 12 საჩივარზე. დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელს შემოსული 283 საჩივრიდან, მხოლოდ სამ შემთხვევაში გახდა საჭირო საკითხი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განეხილა.
თამთა ტეფნაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება, მომხმარებელთა არასათანადო ინფორმირება, სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე, მომსახურების პირველადი მიწოდების დაყოვნება, სააბონენტო ნომრის გასხვისება, სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტების ცვლილება, მომსახურების შეწყვეტის კანონიერება, ფასების ზრდა სხვადასხვა მომსახურებაზე და ა.შ.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, 2017 წელს განახორციელებულ ანალიტიკური სამუშაოების აღწერას, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით იქნა განხორცილებული, ესენია: დისტანციური გარიგების შესახებ ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში, ინტერნეტ მომსახურების ხარისხის კონტროლი, უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის, საქველმოქმედო ზარების განხორციელებაზე საქართველოში არსებული პრაქტიკის ანალიზი და დამცველის რეკომენდაცია მობილურ მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს და სხვ. თამთა ტეფნაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ მრავალ აქტივობაზე.
სხდომაზე, დეპუტატების მხრიდან, აქტიურად იქნა განხილული ანგარიშში გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემური საკითხი და საბოლოოდ კომიტეტემა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში.