2018 წლის 30 მარტს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სასტუმროში “რუმსი – თბილისი“ სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საგრძნობლად იმატა მომხმარებელთა განცხადებებით/საჩივრებით მომართვიანობამ. კერძოდ, თუკი 2016 წელს სამსახურმა განიხილა 208 საჩივარი, 2017 წელს განხილული წერილობითი/ზეპირი საჩივრების მაჩვენებელი შეადგენს 283 განაცხადს. 2017 წელს განხილული 283 საჩივრიდან დაკმაყოფილდა 271 საჩივარი (96%). საერთო ჯამში განხილული საჩივრებიდან სრულად დაკმაყოფილდა 249, ხოლო 22 ნაწილობრივ. დარღვევა არ დადასტურდა 12 საჩივარზე. დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელს შემოსული 283 საჩივრიდან, მხოლოდ სამ შემთხვევაში გახდა საჭირო საკითხი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განეხილა.
ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გამახვილდა 2017 წელს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის მთელი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 20 უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართული საჯარო ლექციების შესახებ.
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ასევე ისაუბრა მოზარდთა და არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო ინტერნეტის მნიშვნელობაზე და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჭირო ღონისძიებების გატარებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, დამცველის ინიციატივით განხორციელდა 17 მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის მუშაობის ეფექტურობის შესწავლა/ანალიზი არასრულწლოვნებზე მედია კონტენტის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის თვალსაზრისით.
საზოგადოებრივმა დამცველმა მოხსენებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო 2017 წელს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებულ ისეთი მნიშვნელოვანი ანალიტიკური სამუშაოების წარდგენას, როგორიცაა:
- ინტერნეტ მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების შემუშავება და კონტროლის მექანიზმის შექმნა;
- საქველმოქმედო ზარებზე საქართველოში არსებული პრაქტიკა, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქველმოქმედო ზარების მომსახურებაზე გაწეული დანახარჯები დღგ-სა და აქციზის გათვალისწინებით არ უნდა აღემატებოდეს
მობილურ ქსელში – 10 თეთრს,
ფიქსირებულ ქსელში –5 თეთრს.
- ავტორიზებულ პირთა ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგის შედეგები;
- სააბონენტო ხელშეკრულებების პირობების მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება სერვის პროვაიდერი კომპანიებისთვის;
- კომპანიების საჩივრების განმხილველი სამსახურების მუშაობის ეფექტურობის საკითხი.
- მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიების მიერ როუმინგულ მომსახურებასთან დაკავშირებით განხილული საჩივრების სტატისტიკა.
პრეზენტაციაზე ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება, მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.