Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო ახალი პროექტი „მოგზაური ოფისი“, რაც გულისხმობს რეგიონულ ჭრილში საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის სამსახურის სერვისების და ინფორმაციის ადგილზე მიღების შესაძლებლობას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 აპრილს, პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა შედგა თელავის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, კახეთის მხარეში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი სოფო აივაზაშვილი და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – აკურა, ართანა, ახატელი, ბუშეტი, გულგულა, ვანთა, ვარდისუბანი, თეთრი წყლები, იყალთო, კისისხევი, კობაძე, კონდოლი, კურდღელაური, ლალისყური, ლაფანყური, ლეჩური, ნადიკვარი, ნასამხრალი, ნაფარეული, პანტიანი, რუისპირი, სანიორე, სეროდანი, ფშაველი, ქვემო ხოდაშენი, ყარაჯალა, შალაური, წინანდალი, ჯუღაანი – მერის წარმომადგენლები.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია, სამსახურის საქმიანობის, მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეების მხრიდან გამოიკვეთა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტრონულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებთან მიმართებაში არსებული პრობლემური საკითხები და გამოწვევები, რასთან დაკავშირებითაც სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.