2014 წლის 18 მარტს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა“. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, ადგილობრივი ტელევიზიები, ჟურნალისტები, თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობები, მომხმარებელთა უფლებების ადვოკატირებაზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლის რწმუნებულები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს სერვისდეფიციტურ რეგიონებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურების სფეროში.

მომხმარებელთა განმარტებით, აღნიშნულ რეგიონში ინტერნეტ მომსახურების ტარიფი დედაქალაქთან შედარებით თითქმის ორჯერ ძვირია, ხარისხი კი ფასთან მიმართებაში არის აშკარად შეუსაბამო. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწემ, ალექსანდრე მშვილდაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა და კომუნიკაციების ეროვნული კომისია მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც მიმართულია სერვისდეფიციტური რეგიონების განვითარებისაკენ. ახალი პროექტის ფარგლებში კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილურ კომპანიებზე გასცემს ახალ სიხშირეებს და ოპერატორებს შესაძლებლობა ექნებათ დანერგონ ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტის სიჩქარე 100 MB-მდე გაიზრდება.

ალექსანდრე მშვილდაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი momkhmarebeli.comcom.ge, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს  შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირებას. ადგილობრივ მომხმარებლებს ასევე განემარტათ, რომ  მათი  უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვის შემთხვევაში ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებლობა აქვთ ელ.ფოსტით წარადგინონ საჩივარი/პრეტენზია.

აღსანიშნავია, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში შეკრებილმა მომხმარებელებმა ითხოვეს სააბონენტო ხელშეკრულების პირობებში გარკვეული სახის ცვლილებების შეტანა.

22შეხვედრისას ასევე ხაზგასმით გამოიკვეთა კომუნიკაციების სფეროში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ე.წ „სპამთან“ დაკავშირებით, რომელიც ეხება სარეკლამო შინაარსის არასასურველ ელექტრონულ გზავნილებს. სამწუხაროდ, დღეს არსებული საქართველოს კანონმდებლობა „სპამთან“ დაკავშირებულ პრობლემებს ვერ არეგულირებს, რის გამოც აღნიშნული საკითხი სცდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციას. თუმცა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სტრატეგია ითვალისწინებს „სპამთან“ დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას.