2018 წლის 4 იანვარს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ ოფიციალური წერილით მიმართა შპს „მაგთიკომს“ მობილური მომსახურებების, მათ შორის, მობილური ინტერნეტ მომსახურების ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სატარიფო ცვლილებებთან დაკავშირებით შპს „მაგთიკომისგან“ გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება თუ რა კონკრეტული მიზეზებით იქნა განპირობებული კომპანიის მიერ მომხმარებელთათვის სატარიფო ცვლილების განხორციელება. საზოგადოებრივი დამცველი ასევე დაინტერესდა კონკრეტულად რა სახის მომსახურებებზე იგეგმება საფასურის ზრდა; აგრეთვე, რომელი კატეგორიის და რამდენ აბონენტს შეეხება კომპანიის მიერ განხორციელებული სატარიფო ცვლილებები.
შპს „მაგთიკომმა“ ასევე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რამდენად იქნა დაცული მომხმარებელთა ინდივიდუალური გზით წინასწარი ინფორმირების ვალდებულება.