მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების პლატფორმის (EaPeReg Network) ფარგლებში, მინსკში, ბელორუსიაში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ქსელის ნეიტრალურობა”.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნაძემ აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შეეხო ქსელის ნეიტრალურობის უზრუნველყოფის პროცესში საერთო გამოწვევებთან გამკლავებას. შეხვედრაზე ასევე გაზიარებულ იქნა უკრაინის, ლატვიის, ლიტვის, ბელორუსიის, მოლდოვის, ხორვატიის, ჰოლანდიის ქვეყნებში მოქმედი მარეგულირებელი ორგანოების პრაქტიკა და საუკეთესო გამოცდილება ქსელის ნეიტრალურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
აღნიშნული შეხვედრის მიზანია სხვადასხვა ქვეყნებში ქსელის ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული რეგულაციების მიმოხილვა და დახვეწა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მეტი გარანტიების შესაქმნელად საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად ეფექტიანი ნაბიჯების შემუშავება.
ქსელის ნეიტრალურობის უზრუნველყოფა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რადგან იგი ხელს უწყობს ყველა სახის ინტერნეტ კონტენტზე, საიტზე და პლატფორმაზე თანაბარ წვდომას ყოველგვარი დისკრიმინაციის, ბლოკირების, მომსახურების ხარისხის დეგრადაციის, ხელოვნური ჩარევის და ამა თუ იმ აპლიკაციისთვის პრიორიტეტების მინიჭების გარეშე.