ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, თამთა ტეფნძემ მონაწილეობა მიიღო სასწავლო სემინარში – „მომხმარებელთა უფლებები და მათი დაცვის სტანდარტი“. მისი მოხსენების თემა იყო ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების პასუხისმგებლობის ძირითადი საკითხები. აღნიშნული სემინარი იურდიული პროფესიის განვითარების ცენტრის, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტი USAID-ის პროექტ G4G-ის მხარდაჭერით 2017 წლის 12 ოქტომბერს ჩატარდა.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: მომხმარებლის ცნება და მისი სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მხარის ინფორმირების ვალდებულება წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში და მისი სამართლებრივი შედეგები, სტანდარტული პირობები, ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების პასუხისმგებლობის ძირითადი საკითხები, ხელშეკრულების მხარეთა ინფორმირების სტანდარტი სადაზღვევო და საბანკო ურთიერთობებში.
აქცენტები ძირითადათ იმ გამოწვევებზე გაკეთდა, რომლის წინაშეც, როგორც ინტერნეტ მომხმარებლები, ასევე სხვა დარგის მომხმარებლები დგანან.
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის განმარტებით, სამართლებრივი დაცვის მექანიზმის ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ბოლო მომხმარებელთა ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლება. თამთა ტეფნაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კომუნიკაციების ერივნულ კომისიაში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს პროექტები, რომლის საშუალებითაც შემოთავაზებული იქნება ისეთი ქმედითი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც განაპირობებს დაცვის მექანიზმების დახვეწასა და ტელეკომ მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ: თამარ ლაკერბაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სოლომონ მენაბდიშვილი – კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ვახტანგ ზაალიშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ლიპარტია – სადაზღვევო კომპანია არდის იურიდიული დეპარმენტის უფროსი, თორნიკე ებანოიძე – საქართველოს ეროვნული ბანკის კორპორაციული მართვისა და ზედამხედველობის იურისტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და პრაქტიკოს-იურისტები.