შეხვედრა სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ აპარატის თანამშრომლებთან
2026 წლის 6 ოქტომბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, გვანცა ჩხეიძე სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრას სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამსახურის საქმიანობა, მიღწევები და არსებული გამოწვევები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში წარმოდგენილი იყო სამსახურის პროექტები – „იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისი“, მათი მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ.
ასევე, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის წესებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა საკუთარ საქმიანობაში გამოვლენილი სატელეკომუნიკაციო მომსახურებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ აქტივობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.



