თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს „კავკასუს ონლაინის“ სარჩელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის შესახებ 2014 წლის 13 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების (№631/18) ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სასამართლო დავაში მესამე პირად ჩართულ იქნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე. საზოგადოებრივი დამცველის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების/კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა როგორც მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირებთან (კომპანიებთან) დავაში, ასევე, კომისიაში და საქართველოს საერთო სასამართლოებში.

შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებული კომისიის გადაწყვეტილება ეხებოდა მომხმარებელ უჩა ნებიერიძის მიმართ ინტერნეტისა და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების უხარისხო მიწოდებას, წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მომსახურების მიწოდებას, მიუღებელ და უხარისხო მომსახურებაზე საფასურის დარციხვასა და რიგ სამაუწყებლო არხებზე ეფექტიანი კოდირების სისტემის დანერგვის უზრუნველყოფას.

შპს „კავკასუს ონლაინმა“ სადავოდ გახადა კომისიის გადაწყვეტილება მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში: 1)წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მომსახურების მიწოდების გამო; 2) უხარისხო და ხარვეზებით მიწოდებული მომსახურების გამო; 3) მაუწყებლობის ტრანზიტით მიწოდებისას ხარისხიანი მომსახურების შეფერხებებით და არა უწყვეტად მიწოდებისთვის მომსახურების საფასურის გადაანგარიშების გამო; 4) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის საინფორმაციო უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევის გამო.

მიმდინარე წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება (№631/18; 13.11.2014) და არ დააკმაყოფილა შპს „კავკასუს ონლაინის“ სარჩელი.