მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ბოლო
პერიოდში გაზრდილია იმ მომხმარებელთა მომართვიანობა, რომელთაც ქვეყანაში
შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეექმნათ პრობლემები
სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურის დაფარვასთან დაკავშირებით.
ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის პირობებში, ასევე,
იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სექტორისა და კერძო კომპანიების უდიდესი
ნაწილი გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო
და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები საქმიანობას ახორციელებენ დისტანციურად
ინტერნეტითა და სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით, უკიდურესად
მნიშვნელოვანია ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა
სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე.
მოგეხსენებათ, COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული
ღონისძიებებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაკარგა შემოსავლის
წყარო, შესაბამისად, მათთვის პრობლემური გახდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების
საფასურის დროული დაფარვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნა/რეკომენდაციით, თქვენს მიერ
უკვე არაერთგზის გამოხატული სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან და
სოლიდარობიდან გამომდინარე, შესაძლებლობის ფარგლებში მოახდინოთ
ზემოაღნიშნულ მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება და უზრუნველყოთ
გარკვეული საშეღავათო სისტემების ამოქმედება (მაგალითად, მომხმარებლის
მომართვის შემთხვევაში, არსებული სააბონენტო გადასახადის გადავადება სამი თვით,
ან გადასახადის განწილვადება გარკვეულ პერიოდზე).