მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებების პირობების მონიტორინგი დაიწყო. საზოგადოებრივმა დამცველმა მიმართა შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“, შპს „მობიტელს“, შპს „კავკასუს ონლაინს“, სს „სილქნეტს“ და აღნიშნული კომპანიებისგან გამოითხოვა 2012, 2013 და 2014 წლებში მომხმარებლებთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები ყველა სახის მომსახურებაზე.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ამჟამად სამართლებრივ ექსპერტიზას უტარებს ზემოაღნიშნული კომპანიებისგან გამოთხოვილ ხელშეკრულებებს, აფასებს რამდენად მოიცავს აღნიშნული ხელშეკრულებები მომსახურების მთელ რიგ არსებით პირობებს, როგორიცაა მომსახურების ტარიფები, მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები, კანონით დადგენილი ვალდებულებები, მათი შესრულების ვადები და სხვ.
ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შეიმუშავებს მთელ რიგ შესაბამის ცვლილებებს, რომელიც შემდგომში აისახება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტში; აგრეთვე, ზემოაღნიშნული ანალიტიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, თუ რა კონკრეტული რეგულაციები უნდა იქნას ასახული სააბონენტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებში.

acquisition-contracts