კომუნიკაციების ომბუდსმენის, თამთა ტეფნაძის მიმართვის საფუძველზე განხილული დავის შედეგად, მომხმარებელთა ფართო წრის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანია „მაგთიკომს“ დაევალა 2016 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარი გაფრთხილების ეფექტიანი სისტემის დანერგვა მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლისათვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა.

საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ ტარიფი მომსახურების მნიშვნელოვანი პირობაა. ტარიფის ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების ან შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა წინასწარი ინფორმირება მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, ვინაიდან მომხმარებლის უფლება ირღვევა მაშინაც, როცა ის არ არის ინფორმირებული შეძენილი მომსახურების ლიმიტის ამოწურვის შესახებ, აგრეთვე, შემდგომში მომსახურების განსხვავებულ ფასად მიწოდების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მომხმარებელი წინასწარ ინფორმირებული იყო მობილური ინტერნეტ მომსახურების ტარიფის მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული გარემოების დადგომის შემთხვევაში (თუმცა მისთვის უცნობი იყო თუ როდის დადგებოდა აღნიშნული გარემოება), კომისიამ მიიჩნია, რომ ტარიფის მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე მომხმარებელი ინფორმირებულად ვერ ჩაითვლება, თუკი მას არ ეცოდინება ტარიფის ცვლილების ზუსტი დრო

წინამდებარე საქმეზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრეცენდენტულია, რადგან აქამდე კომისიას არ განუხილავს და არ მიუღია გადაწყვეტილება იდენტურ შემთხვევაში ავტორიზებული პირის (კომპანიის) მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის თაობაზე. საგულისხმოა, რომ რეგლამენტის შესაბამისი დებულების შინაარსი, რომელიც ეხება მომსახურების პირობის ცვლილებისას აბონენტების წინასწარ ინფორმირებას, არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი, რასაც შეეძლო გამოეწვია კონკრეტული ნორმის განსხვავებულად ინტერპრეტაცია.

საზოგადოებრივი დამცველის მოსაზრებით პრობლემა სცდება ერთი მომხმარებლის ინტერესს და იგი ბევრად მასშტაბურია, რაც დადასტურდა იმით, რომ სწორედ საქმის ადმინისტრაციული განხილვის პროცესში შესწავლილ იქნა შემდგომი გადახდის სისტემის აბონენტებისათვის მათ მიერ შეძენილი ინტერნეტ-მომსახურების პაკეტის ამოწურვის შედეგად განსხვავებული ტარიფით მიწოდებული მომსახურებისთვი დავალიანების დარიცხვის შემთხვევების სიხშირე და მასშტაბურობა (სტატისტიკური მონაცემები). კომუნიკაციების ომსუდსმენს მიაჩნია, რომ ტარიფის ცვლილების თაობაზე სააბონენტო ხელშეკრულებაში მითითება არ ათავისუფლებს კომპანიებს კანონისმიერი ვალდებულებისაგან. აბონენტებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ინტერნეტ-პაკეტების ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებულ ტარიფზე გადასვლის თაობაზე, რათა ისარგებლონ არჩევანის თავისუფლებით და თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება ამა თუ იმ მომსახურებით სარგებლობის გაგრძელებისა თუ შეწყვეტის შესახებ. მომხმარებელს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, გააკონტროლოს თავისი ხარჯები და თავიდან აიცილოს არასასურველი ხარჯები.